კამპანელა თომაზო (1568-1639)


კამპანელა თომაზო (1568-1639)
დომინიკელი ბერი იყო და პაპის ძალაუფლების აბსოლუტიზაციაზე ოცნებობდა. ციხეში 27 წელი მან პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაატარა. მართალია, გალილეის იცავდა, მაგრამ ასტროლოგობაზეც დებდა თავს. მის ნატურფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია მისტიკასა და მაგიას. მიუხედავად ამისა, მისი დამსახურებაა ის, რომ ემპირიზმით საყოველთაო გატაცების პერიოდში მიუთითა ემპირიზმისა და სკეპტიციზმის შინაგან კავშირზე და სკეპტიციზმის გადალახვის საფუძველი შინაგან გამოცდილებაში, ადამიანის მიერ საკუთარ სულიერ პროცესებზე დაკვირვებაში დაინახა, რითაც იგი დეკარტის წინამორბედი გახდა. კამპანელას უტოპიური ნაწარმოები „მზის ქალაქი“, მართალია, თომას მორისეული უტოპიის გაკათოლიკურების შთაბეჭდილებას ტოვებს [კამპანელა რომის პაპის, ურბან II (1568-1644) მეგობარი იყო], მაგრამ კუნძულ „ტაპრობანზე“ საკუთრების უარყოფა, საყოველთაო შრომა, ოთხსაათიანი სამუშაო დღე, ამასთან სახელმწიფოს მეცნიერების საფუძველზე მართვის ქადაგება, ისტორიულად პროგრესული მოვლენა იყო. თუმცა რელიგიური ფანატიზმი (რომელსაც ეს დიდი ნიჭის ადამიანი, როგორღაც „ათანხმებდა“ მოწინავე მეცნიერულ იდეებთან) მას პიროვნების სახელმწიფოსადმი სრული დაქვემდებარების გამართლებამდე მიიყვანს, რაც იმის პირდაპირ საწინააღმდეგო იყო, რისთვისაც ფლორენციელმა აკადემიკოსებმა პლატონის მოძღვრება წამოსწიეს. კამპანელას „მზის ქალაქი», მაკიაველის „მთავარის“ გვერდით, ანტიუტოპიის ერთ-ერთი სახეა. ამიტომ მის მოძღვრებას ზოგი მკვლევარი რენესანსის ღალატად მიიჩნევს.კამპანელამ მოისურვა, რომ აზროვნების სფეროში მიღწეული გაბედულება სოციალურ პრაქტიკაში გადაეტანა. გამოსცა წიგნი „მიმართვა იტალიელი თავადებისადმი“; მოუწოდებდა დაეპყროთ ესპანეთი და პაპის მსოფლიო მონარქია შეექმნათ. ჩანს, რომ მას მომხრეებიც ჰყავდა. აჯანყების ორგანიზება თავად იკისრა. დღეც დანიშნა - 1599 წელს 10 სექტემბერი. დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა შრომები „მზის ქალაქი“, „გალილეის დაცვა“ და „როგორ შეუძლიათ ადამიანებს ვარსკვლავებიდან ნაუწყებ ბედს გაექცნენ?“. ასტროლოგიით გატაცებული პაპი ურბან VIII, 25 წლის პატიმრობის შემდეგ, ათავისუფლებს კამპანელას. მაგრამ მას იტალიაში არ დაედგომებოდა: საფრანგეთში გაიქცა, სადაც პ. გასენდი ყოველმხრივ ეხმარებოდა. ბუნებაში კამპანელასათვის ყველაფერი გასულიერებულია. ყველაფერს ახასიათებს გრძნობა, ე. ი. ცნობიერებისა და ძალის ერთიანობა. აღქმა და ცოდნა ემთხვევა ერთმანეთს. მოგონება, მსჯელობა, დასკვნა აღქმის მოდიფიკაციებია. ამ თანამიმდევრული ემპირიზმის პოზიციებიდან კამპანელა უარყოფს ბრუნოს მიერ შემეცნებაში გონებისათვის დამოუკიდებელი როლის მინიჭებას. მაგრამ მანვე დაინახა, რომ ამ საფუძველზე შემეცნების ვერავითარ საყოველთაობას ვერ დავასაბუთებთ, რომ აბსოლუტური სკეპტიციზმი გარდაუვალია. კამპანელა ეძებს გამოსავალს. მისი აზრით, სრული სკეპტიციზმი გარდაუვალია, თუ გარეგანი გამოცდილებიდან გამოვალთ; მაგრამ, თუ შინაგან გამოცდილებას დავემყარებით, ვნახავთ რიგ უეჭველ დებულებებს და შემდეგ ანალოგიის საშუალებით გადავიტანთ უეჭველობას გარეგან საგნებზეც. შინაგანი გამოცდილების ურყევი მონაცემებია: 1. „ჩვენ ვართ“; 2. „ჩვენ ვართ, ვიცით და გვსურს“; 3. „ჩვენ ვიცით, რომ გარეგანით ვართ განსაზღვრული“; 4. „ვიცით და გვსურს არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც“. ამგვარი საფუძვლის მოპოვების შემდეგ, კამპანელა მიმართავს ღმერთის იდეას, როგორც თანშობილს, რომლის სრულყოფილება არ გვაძლევს უფლებას იგი ნაკლოვანი ადამიანების მიერ შექმნილად ჩავთვალოთ. ამ იდეის გაგება ღმერთის უშუალო ჭვრეტას ნიშნავს. მივიდა რა ეჭვიდან ღმერთამდე, კამპანელა ცდილობს ნეოპლატონური ემანაციის თეორიის დახმარებით გაიაზროს საერთოდ არსებული: 1. ღმერთი; 2. იდეალური სამყარო; 3. სულთა (ადამიანის სულის ჩათვლით) სამყარო; 4. მათემატიკური სამყარო (გეომეტრიის საგანი); 5. სხეულებრივი სამყარო (დროში და სივრცეში არსებული საგნის პირველადი თვისებები); 6. ემპირიული სამყარო, ანუ საგანთა წარმოდგენა მეორადი თვისებებით. ყოველი საგანი (მატერიის ჩათვლით) მოძრაობს, მოძრაობა არის არაცნობიერი სწრაფვა თვითშენახვისაკენ, ე. ი. მარადიულობისაკენ, ე. ი. ღმერთისაკენ. კამპანელა მათემატიკას ფიზიკის მსახურად აცხადებდა. ცდილობდა ახალი გეოგრაფიული აღმოჩენები გამოეყენებინა მსოფლმხედველობრივი საკითხების გააზრებისას. იგი წერდა: „ავგუსტინე უარყოფდა დედამიწის სფერულობას ზოგადი არგუმენტებით, კოლუმბმა კი ფაქტიურად დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია. აქ ჭეშმარიტება მოგვეცა გრძნობადად, რაც გამორიცხავს კამათს“. ამავე ნაშრომში იგი ადამიანს „სამყაროს ქვაკუთხედად“ აცხადებს, რამდენადაც იგი ცნობიერად ისწრაფის ღმერთისაკენ. აქ თითქოს ახალი დროის ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ახალი ფილოსოფიის დამაარსებლებისაგან, იგი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ კამპანელასათვის გრძნობადი ჭეშმარიტება გამორიცხავს კამათს, დეკარტისათვის ყველაზე ნათელი გრძობადი მოცემულობაც კი საეჭვოა, რადგან ნათელი, სიზმრის და სიფხიზლეში რაიმეს ნათლად დანახვას შორის განმასხვავებელი ლოგიკური კრიტერიუმი არ შეიძლება არსებობდეს. ისიც გასახსენებელია, რომ ახალი ფილოსოფიის მეორე დიდი მამამთავარი, ფრ. ბეკონიც, ემპირიზმის დიდი დამცველი, არავითარ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდებოდა რაგინდ ნათლად დაენახა რაიმე. არსებულის ჭეშმარიტების დასასაბუთებლად იგი თავის ცხრილებს და ჯვრის ექსპერიმენტს მიმართავდა. კამპანელა ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ „ფაქტი“ თავადაა ინტერპრეტაცია. კოლუმბს რომ ამერიკა ინდოეთი ეგონა, ესეც „უეჭველი ფაქტი“ იყო. კამპანელასაგან განსხვავებით, ამ მოაზროვნეებს ადამიანის ბუნებაზე გაბატონებაც განსხვავებულად ესმოდათ. ცნობილია, რომ ბიბლიაზე დამყარებული რელიგიების წარმომადგენლებისათვის, ღმერთმა ადამიანს ბუნებაზე ბატონობა დაავალა. ღმერთის ეს სიტყვები მოწმობს, რომ ბუნება მზად იყო დამორჩილებოდა ადამიანს. ფრ. ბეკონისა და დეკარტესათვის კი ადამიანი არ არის დედამიწის ბატონი, არამედ უნდა გახდეს ასეთი, მეცნიერების დახმარებით. მან უნდა დაიმორჩილოს ბუნება. ესაა ახალი ფილოსოფიის არა მარტო რაციონალიზმის, არამედ „რაციონალიზმის ყაიდაზე გამოჭრილი“ (ჰაიდეგერი) ევროპული ირაციონალიზმის და ემპირიზმის მიზანი, რის შედეგებსაც XX საუკუნეში განმანათლებლობის დიალექტიკის მექანიზმით ახსნიან. ეს დიალექტიკა გულისხმობს, რომ ადამიანის გონების დიდი წარმატებები, რომლითაც კაცობრიობა ამაყობს და რომლის ძალაც ტექნიკაში ყველაზე ნათლად ჩანს (ატომური ენერგია, გენეტიკა, კომპიუტერიზაცია), პიროვნების, საზოგადოების დიქტატის ქვეშ მოქცევის არნახულ შესაძლებლობებს ქმნის და ახალი დიდი კრიზისის წინაშე აყენებს კაცობრიობას.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე / გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9

Georgian encyclopedia. 2013.

Книги

Другие книги по запросу «კამპანელა თომაზო (1568-1639)» >>


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.